26 მაისი · 1918 · თბილისი, საქართველო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა

დამოუკიდებელი სახელმწიფოს გარიჟრაჟი — ისტორიული სინამდვილე,
რომელმაც კავკასიის ისტორია სამუდამოდ შეცვალა

I

საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი

დამოუკიდებლობის გამოცხადება · 26 მაისი, 1918
„საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს, რომელიც ნოე ჟორდანიამ ეროვნული საბჭოს საზეიმო სხდომაზე 1918 წლის 26 მაისს, 17:10 საათზე, წაიკითხა, ხელს აწერს ეროვნული საბჭოს 88 წევრი. საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი დადასტურებული იქნა საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1919 წლის 12 მარტს."

1918 წლის 26 მაისს თბილისში, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ხმამაღლა გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა. ეს ისტორიული გადაწყვეტილება საუკუნოვანი ოცნების განხორციელებას და თავისუფალი და სუვერენული ქართული სახელმწიფოს შექმნას ნიშნავდა.

აქტს ხელი მოაწერეს ეროვნული საბჭოს 88 წევრმა. ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით, ეს დოკუმენტი აფიქსირებდა საქართველოს ამიერკავკასიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკიდან (რომელიც 1918 წლის 22 აპრილს შეიქმნა, მაგრამ სულ რამდენიმე კვირა გაძლო) გასვლას და სრულიად დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადებას.

საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არასრული სამი წელი იარსება (1918-1921) და მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

პირველი რესპუბლიკა
საქართველოს პირველი რესპუბლიკა · 1918

„ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა."

— დამოუკიდებლობის აქტიდან, 26 მაისი 1918
ისტორიული დოკუმენტი 1
დოკუმენტი · 1918
ისტორიული დოკუმენტი 2
დოკუმენტი · 1918
II

სახელმწიფო ატრიბუტიკა და სიმბოლიკა

საქართველოს დროშა
სახელმწიფო დროშა
კანონი საქართველოს რესპუბლიკის დროშის შესახებ (1918 წლის 10 სექტემბერი). საქართველოს რესპუბლიკას აქვს თავისი დროშა სამფეროვანი: წითელის /შვინდის ფერის/, შავის და თეთრის ფერისა. ავტორები: იაკობ ნიკოლაძე, იოსებ შარლემანი.
სახელმწიფო გერბი
სახელმწიფო გერბი
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გერბი. მხატვარი: იოსებ შარლემანი. გერბზე თეთრი გიორგის წარმოსახვის ავტორები: ივანე ჯავახიშვილი და დიმიტრი შევარდნაძე. 1918 წელი.
სახელმწიფო ჰიმნი
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული ჰიმნი "დიდება". მუსიკისა და ტექსტის ავტორი: კოტე ფოცხვერაშვილი.
📜
სახელმწიფო ბეჭედი
საქართველოს რესპუბლიკის ოფიციალური სახელმწიფო ბეჭედი წარწერით — "საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა".
ქართული მანეთი
ქართული მანეთი
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1919–1921 წლებში) და საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის (1921–1923 წლებში) ფულის ერთეული. ქართულმა მანეთმა ჩაანაცვლა პირველი ამიერკავკასიური რუბლი და იგი შედგებოდა 100 კაპიკისგან.
🏛️
დედაქალაქი
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქი იყო თბილისი.
III

პირველი არჩევნები და დამფუძნებელი კრება

საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების არჩევნები გაიმართა 1919 წლის 14-16 თებერვალს. საქართველოს დამფუძნებელი კრება იყო ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, რომელიც უნდა აერჩიათ თანასწორი, ფარული, პირდაპირი წესითა და პროპორციული პრინციპით.

არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჰქონდა ქვეყნის ყველა სრულწლოვან (20 წლის) მოქალაქეს განურჩევლად სქესისა. ბევრ ევროპულ ქვეყანაზე ადრე, დამფუძნებელი კრების არჩევნებში ქალებს ჰქონდათ არა მხოლოდ პასიური, არამედ აქტიური საარჩევნო უფლება. ეს ევროპაში ნამდვილ სიახლეს წარმოადგენდა. სხვადასხვა პარტიის საარჩევნო სიაში 17 ქალი იყო შეყვანილი, მათგან ხუთი საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი გახდა. დეპუტატებს შორის ხუთი ქალი იყო — ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე, ანა სოლოღაშვილი, მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე, ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე და ქრისტინე შარაშიძე.

დამფუძნებელ კრებაში რესპუბლიკის მოქალაქეებს 130 დეპუტატი უნდა აერჩიათ. რესპუბლიკაში წინასაარჩევნო კამპანია 1918 წლის დეკემბრიდან 1919 წლის თებერვლამდე მიმდინარეობდა. საარჩევნო უბნების უმეტეს ნაწილში არჩევნები 14, 15 და 16 თებერვალს გაიმართა. დამფუძნებელი კრების არჩევნებში უმრავლესობა — 109 მანდატი — მოიპოვეს სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკები) პარტიის წევრებმა. დამფუძნებელი კრება საზეიმოდ გაიხსნა 1919 წლის 12 მარტს მეფისნაცვლის სასახლეში.

კრების გახსნა გადაიღო გერმანე გოგიტიძემ. კრების გახსნას ესწრებოდნენ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, აშშ-ის, შვეიცარიის, ესპანეთის, ნიდერლანდების, საბერძნეთის, პოლონეთის, სპარსეთის, ჩეხოსლოვაკიის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ლიტვისა და უკრაინის წარმომადგენლები. პირველ სხდომას ესწრებოდა კრების 99 დეპუტატი. 12 საათზე კრება გაიხსნა მისი უხუცესი წევრის, სოციალ-დემოკრატ სილიბისტრო ჯიბლაძის ისტორიული სიტყვით: „დიადი დღე, დღე ჩვენი ხალხის დავაჟკაცებისა, მისი სრულწლოვანობისა!“

დამფუძნებელი კრების მდივნობას წევდა ყველაზე ახალგაზრდა წევრი გოგიტა ფაღავა. საზეიმო ნაწილის შემდეგ სხდომის დღის წესრიგში დადგა თავმჯდომარის არჩევის საკითხი. სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის სახელით, კრების წევრმა ნოე ცინცაძემ თავმჯდომარის კანდიდატად სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი ნიკოლოზ ჩხეიძე დაასახელა. ჩხეიძე სხდომას არ ესწრებოდა, თუმცა კრებამ ნიკოლოზ ჩხეიძე ერთხმად აირჩია. 1918 წლის ივნისიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეა ნოე ჟორდანია.

დამოუკიდებლობის დღე
1919 · 14-16 თებერვალი
დამფუძნებელი კრების არჩევნები
საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების არჩევნები გაიმართა 1919 წლის 14-16 თებერვალს
1919 · თებერვალი
არჩევნებში ქალებს მიეცათ ხმის უფლება
დეპუტატებს შორის ხუთი ქალი იყო - ელისაბედ ნაკაშიძე - ბოლქვაძე, ანა სოლოღაშვილი, მინადორა ორჯონიკიძე - ტოროშელიძე, ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე და ქრისტინე შარაშიძე
1919 · 12 მარტი
საქართველოს დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა
დამფუძნებელი კრება საზეიმოდ გაიხსნა 1919 წლის 12 მარტს მეფისნაცვლის სასახლეში
1919 · 12 მარტი
საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის დადასტურება
საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, რომელიც მიღებული იქნა 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაზე დადასტურებული იქნა საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების მიერ 1919 წლის 12 მარტს
1919-1921
სახელმწიფო ინსტიტუციების ჩამოყალიბება
მთავრობა, სახელმწიფო ბანკი, ჯარი, პოლიცია
1921 · 21 თებერვალი
კონსტიტუციის მიღება
1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული იქნა საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია - მსოფლიოში ერთერთი ყველაზე პროგრესული კონსტიტუცია.
IV

საქართველოს პირველი კონსტიტუცია

საქართველოს პირველი კონსტიტუცია
საქართველოს პირველი კონსტიტუცია · 1921 · 21 თებერვალი

კონსტიტუცია ეყრდნობოდა 1918 წლის 26 მაისს მიღებული საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის პრინციპებს. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია, იმდროინდელი მსოფლიო მასშტაბით პროგრესულად აღიარებული დოკუმენტი, 17 თავისა და 149 მუხლისაგან შედგება. ქვეყნის ძირითადი კანონით პოლიტიკურ წყობად განისაზღვრა დემოკრატიული რესპუბლიკა. კონსტიტუციით გარანტირებული იყო ქალთა, რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობათა უფლებები; გაუქმდა სიკვდილით დასჯა. საქართველოს საკონსტიტუციო კომისიის პირველი შეკრება 1918 წლის 7 ივნისს გაიმართა. კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს სერგი ჯაფარიძე, კომისიის მდივნად კი — პავლე საყვარელიძე. დამფუძნებელი კრების არჩევის შემდეგ, 1919 წლის მარტში, შეიქმნა ახალი საკონსტიტუციო კომისია, რომელმაც მუშაობა განაგრძო. კონსტიტუციის პროექტი სრული სახით 1920 წლის მაისში დაიბეჭდა და განსახილველად დამფუძნებელი კრების წევრებს დაურიგდათ. საბოლოოდ, 1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს პირველი კონსტიტუცია მიიღო. სწორედ იმ დროს ქართული შეიარაღებული ძალები რუსულ არმიას თბილისის მისადგომებთან ებრძოდა. კონსტიტუცია 1921 წლის მარტში ბათუმში, ნესტორ ხვინგიას სტამბაში, დაიბეჭდა. თქვენ წინაშე წარმოდგენილია გამოცემის ის ეგზემპლარი, რომელსაც დამფუძნებელი კრების წევრთა ხელმოწერები ახლავს.

კონსტიტუციის დახასიათება:

მმართველობის ფორმა
საქართველო არის თავისუფალი, დამოუკიდებელი და განუყოფელი სახელმწიფო. მუდმივი და უცვლელი ფორმა პოლიტიკური წყობილებისა არის დემოკრატიული რესპუბლიკა
ტერიტორიული მოწყობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა წარმოადგენდა დეცენტრალიზებულ უნიტარულ სახელმწიფოს. მის შემადგენლობაში შედიოდა სამი ავტონომია აფხაზეთის ავტონომია, სამუსლიმანო საქართველოს ავტონომია და ზაქათალის ოკრუგი. ამ ტერიტორიებს ადგილობრივ საქმეებში ავტონომიური მმართველობა მიენიჭათ
მოქალაქის უფლებები
აღიარებულია მოქალაქეთა თანასწორობა კანონის წინაშე; არ არსებობს წოდებრივი განსხვავება; სიკვდილით დასჯა გაუქმებულია; აკრძალულია მოქალაქის დასჯა, თუ არა სასამართლოს წესით; დაუშვებელია მოქალაქის დევნა და მისი პოლიტიკური თუ სამოქალაქო უფლებათა შეზღუდვა სარწმუნოების ან რწმენის გამო; ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს სიტყვით, ბეჭდვით ან სხვა რამ ღონისძიებით თავისი აზრი გამოხატოს და გაავრცელოს მთავრობის წინასწარი ნებართვის გარეშე; ორივე სქესის მოქალაქე თანასწორია როგორც პოლიტიკური, ისე სამოქალაქო, ეკონომიური და საოჯახო უფლებებით
საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება
საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენლობითი ორგანო არის საქართველოს პარლამენტი, რომელიც შედგება საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი, ფარული და პროპორციული არჩევნებით არჩეული დეპუტატებისაგან. პარლამენტი აირჩევა სამი წლის ვადით; უმაღლესი მართველობის აღმასრულებელი ხელისუფლება ეკუთვნის რესპუბლიკის მთავრობას. მას ჰყავს თავმჯდომარე, რომელსაც ირჩევს პარლამენტი ერთი წლის ვადით. ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედი ზედ მხოლოდ ორჯერ. მას ჰყავს მოადგილე, რომელიც ასრულებს მის მოვალეობებს. საქართველოს რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე არსებობს ერთი უმაღლესი სასამართლო — სენატი, რომელსაც ირჩევს პარლამენტი. მისი მოვალეობაა კანონის დაცვისთვის თვალ-ყურის დევნება
სახელმწიფო თავდაცვა
რესპუბლიკის ყოველი მოქალაქე ვალდებულია, კანონის თანახმად, პირადად მოიხადოს სამხედრო ბეგარა; სამხედრო ძალთა დანიშნულება არის რესპუბლიკისა და მისი ტერიტორიის დაცვა
ეროვნულ უმცირესობათა უფლებანი
არ შეიძლება შეიზღუდოს საქართველოს რესპუბლიკის რომელიმე ეროვნული უმცირესობის თავისუფალი სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარება, განსაკუთრებით მისი დედაენით სწავლა, აღზრდა და ეროვნულ-კულტურულ საქმეთა შინაური მართვა-გამგეობა. ყველას აქვს უფლება წეროს, ბეჭდოს და ილაპარაკოს დედაენაზე.
V

საქართველოს პირველი რესპუბლიკის საშინაო პოლიტიკა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სოციალ-დემოკრატიულმა (მენშევიკურმა) მთავრობამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით შეძლო მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი ღონისძიებების გატარება: დაადგინა რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრები, ქართული ენა გამოაცხადა სახელმწიფო ენად, განახორციელა სასამართლო რეფორმა და მიიღო რესპუბლიკის კონსტიტუცია.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ პრიორიტეტი მიანიჭა მიწის რეფორმის განხორციელებას. 1918-1919 წლებში მიწები ჩამოერთვა მემამულეებს, რომლებიც დაწესებულ ნორმაზე მეტს ფლობდნენ. განაწილებას არ დაექვემდებარა ტყეები, მდინარეები და საძოვრები. 1919 წლის იანვრის კანონით დაიწყო ჩამორთმეული მიწების შეღავათიან ფასად მიყიდვა გლეხობისთვის.

გატარდა განათლების რეფორმა. 1918 წლის სექტემბერში მიღებული იქნა კანონი უფასო განათლების შესახებ. მოხდა სკოლების ნაციონალიზაცია, სახელმწიფო სტატუსი მიიღო თბილისის უნივერსიტეტმა. სავალდებულო საგნებად იქნა დადგენილი ქართული ენა, საქართველოს ისტორია და გეოგრაფია. სახაზინო და კერძო სკოლებში გაუქმდა რელიგიის სწავლება. ის დაშვებულ იქნა მხოლოდ სამრევლო სკოლებში.

ეკონომიკაში დაშვებული იყო თავისუფალი მეწარმეობა და კერძო საკუთრება. ზოგიერთი ნედლეულის, მაგ. მანგანუმის, თამბაქოს, მატყლის, აბრეშუმის პარკის და სხვა, ექსპორტზე დაწესებული იყო სახელმწიფო მონოპოლია. სახელმწიფო საკუთრებად გამოცხადდა სასარგებლო წიაღისეული, კურორტები და სამკურნალო მინერალური წყლები.

1919 წლის 31 დეკემბერს დამფუძნებელმა კრებამ მიიღო კანონი „სახელმწიფო ბანკის დაარსების შესახებ“. ამ კანონის მიღებით საქართველოში საფუძველი ჩაეყარა საბანკო და ფულად-საკრედიტო მიმართულების მარეგულირებელ ორგანოს.

ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს საკუთარ საქმეთა გასაძღოლად შექმნილი ჰქონდათ ეროვნული საბჭოები. რესპუბლიკაში ფუნქციონირებდა 80 სომხური, 60 რუსული და 31 აზერბაიჯანული სკოლა. თბილისში დაფუძნდა გერმანული გიმნაზია. 1918 წლის ბოლოს ცხინვალში დაარსდა ოსური გიმნაზია, რომელსაც განათლების სამინისტრო აფინანსებდა. რაჭის, შორაპნის, გორისა და დუშეთის მაზრებში გახსნილი იყო სახელმწიფო დაწყებითი ოსურენოვანი სკოლები. მრავალეროვანი სახელმწიფოს მშენებლობა ქართული დემოკრატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი გახდა.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის პრესა და მედია ხასიათდებოდა მაღალი პლურალიზმით, მრავალფეროვნებითა და თავისუფალი სარედაქციო პოლიტიკით. ქვეყანაში ფუნქციონირებდა როგორც ოფიციალური სამთავრობო, ისე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და კერძო პირების მიერ გამოცემული ათობით გაზეთი თუ ჟურნალი.

საქართველოში ძირითადი და გავლენიანი გამოცემები იყო: „საქართველო“ — ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მთავარი ბეჭდვითი ორგანო; „ერთობა“ — სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური გაზეთი; „ბრძოლა“ და „სახალხო საქმე“ — მნიშვნელოვანი გამოცემები, რომლებიც აქტიურად აკრიტიკებდნენ ან მხარს უჭერდნენ არსებულ პოლიტიკურ კურსს.

VI

ერთა ლიგა და საქართველო

საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ საერთაშორისო აღიარების მისაღწევად მიზნად დაისახა ერთა ლიგაში გაწევრიანება. 1920 წლის 1 სექტემბერს საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ სპეციალური მემორანდუმით მიმართა ერთა ლიგას საქართველოს მიღების შესახებ. ერთა ლიგაში მიღების თხოვნა გაიმეორა 1920 წლის სექტემბერში დასავლეთ ევროპაში საგანგებოდ მივლინებულმა საქართველოს კიდევ ერთმა სამთავრობო დელეგაციამ საგარეო საქმეთა მინისტრის ევგენი გეგეჭკორის მეთაურობით.

1920 წლის 15 ნოემბერს ჟენევაში მუშაობა დაიწყო ერთა ლიგის პირველმა სესიამ. დღის წესრიგის ერთ-ერთი ძირითადი საკითხი იყო რიგ სახელმწიფოთა, მათ შორის საქართველოს გაერთიანება ერთა ლიგაში. ეს საკითხი დაევალა მეხუთე განსაკუთრებულ კომისიას, რომელმაც ახალ სახელმწიფოთა გაწევრიანების საკმაოდ მკაცრი მოთხოვნები წამოაყენა. განხილვის შედეგად, მეხუთე განსაკუთრებულმა კომისიამ მიიღო დადგენილება ერთა ლიგაში საქართველოს მიღების საკითხი, ბალტიის სახელმწიფოებთან ერთად, 1920 წლის 16 დეკემბრამდე გადაედო.

ერთა ლიგაში საქართველოს მიღების საკითხზე კენჭისყრაში მონაწილეობდა 24 სახელმწიფო. არჩევისათვის საჭირო იყო 16 ხმა. 1920 წლის 16 დეკემბერს ერთა ლიგის წევრად საქართველოს მიღებას ხმა მისცა მხოლოდ 10 სახელმწიფომ. საქართველო ერთა ლიგის წევრი ვერ გახდა.

თავშეკავების ძირითად მიზეზად სახელდებოდა ერთა ლიგის წესდების მეათე მუხლი, რომლის თანახმადაც ლიგას მეტად გაუძნელდებოდა ახალი წევრების ტერიტორიების თავდასხმისაგან დაცვა და მათი საერთაშორისო უფლებების უზრუნველყოფა. თავშეკავების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისიც იყო, რომ 1920 წლის 15 ნოემბრისათვის უკვე გასაბჭოებული იყვნენ როგორც აზერბაიჯანი, ასევე სომხეთი.

ამრიგად, საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული გარკვეული წარმატებების მიუხედავად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ვერ გახდა საერთაშორისო თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრი.

„საქართველოს ადგილი ევროპულ სახელმწიფოთა ოჯახშია.“

— ევროპული დიპლომატიური შეფასება, 1920
VII

ქართველი იუნკრები

იუნკერი გერმანული სიტყვაა და თავისი თავდაპირველი შინაარსით ახალგაზრდა ბატონს ნიშნავს, თუმცა შემდგომში მან ეს მნიშვნელობა დაკარგა და იუნკერი ეწოდებოდა სამხედრო სასწავლებლის ახალგაზრდა მსმენელს, რომელიც ოფიცერი უნდა გამხდარიყო. საქართველოში სიტყვა იუნკერის გაგონებისას მაშინვე თვალწინ წარმოგვიდგებიან 18-20 წლის ახალგაზრდები, ქართული სამხედრო სკოლის მსმენელები, რომლებმაც საოცარი თავდადებისა და გმირობის მაგალითები აჩვენეს 1921 წლის თებერვალში თბილისის დასაცავად მიმდინარე ბრძოლებში.

დამოუკიდებელი საქართველოს შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების საქმეში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ახალგაზრდა ოფიცერთა კადრების აღზრდას. ამიტომ სრულიად ბუნებრივია, რომ მთავრობამ გადაწყვიტა დაეარსებინა ქართული სამხედრო სკოლა. სამხედრო სკოლამ პირველი მსმენელები 1919 წლის სექტემბრის დასაწყისში მიიღო. სკოლა განთავსდა იმჟამინდელ პლეხანოვის ქუჩაზე (დღევანდელი დავით აღმაშენებლის გამზირი). მას გადაეცა ის შენობები და ტერიტორია, სადაც მანამდე, რუსეთის იმპერიის არსებობის დროს, ტფილისის სამხედრო სასწავლებელი იყო (დღეს ამ ადგილას საქართველოს თავდაცვის აკადემიაა). სკოლა აღიჭურვა შესაბამისი მატერიალური ბაზითაც. თუმცა იყო გარკვეული სირთულეებიც — არ იყო სათანადო დონისა და რაოდენობის სახელმძღვანელოები.

სკოლის უფროსად დაინიშნა გენერალი გიორგი კვინიტაძე. მისი თანაშემწე იყო პოლკოვნიკი ალექსანდრე ჩხეიძე. იუნკერთა გუნდის ხელმძღვანელობა ჩაიბარა ნესტორ გარდაფხაძემ, ხოლო საარტილერიო და საკავალერიო განყოფილების მეთაურები გახდნენ კაპიტანი ქარუმიძე და კაპიტანი სულხანიშვილი. ლექციებს კითხულობდნენ ძალიან ცნობილი პიროვნებები: გენერალი კვინიტაძე, გენერალი ანდრონიკაშვილი, ცნობილი მეცნიერი გენერალი ანდრეა ბენაშვილი, მწერალი ვასილ ბარნოვი და სხვები.

სკოლაში მოხვედრა ძალიან ძნელი იყო, რადგან მსურველთა რაოდენობა ბევრად აღემატებოდა სკოლის შესაძლებლობას. საუკეთესო ახალგაზრდები ცდილობდნენ სკოლის მსმენელები გამხდარიყვნენ და მხოლოდ საგანგებო შერჩევის შემდეგ ახერხებდნენ ამას. კრიტერიუმი იყო ერთი — რამდენად შეეძლო ახალგაზრდას წარმატებული ოფიცერი გამხდარიყო.

იუნკრების ფორმა იყო „ქართული ხალათი და თუშური ქუდი“ ეროვნული ფერების ყაითნებმოვლებული, წითელკიდურიანი სამხრეულებით ინიციალებით „სკ“ — სკოლა, ხოლო ზამთარში — ბოხოხი.

იუნკრები გმირულად იბრძოდნენ 1921 წლის თებერვალში. თბილისიდან უკანდახევის შემდეგ იუნკრები ფაქტობრივად მთავარსარდლის მატარებელს და თავად გენერალ კვინიტაძეს დარაჯობდნენ. ბათუმში სამხედრო სკოლა კინოს შენობაში განთავსდა. როდესაც 18 მარტს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა, დამფუძნებელი კრების წევრთა ნაწილი და ქართველ სამხედროთა ერთი ჯგუფი ემიგრაციაში წავიდა, მათ იუნკრებიც თან გაყვნენ.

ემიგრაციაში 70-მდე იუნკერი წავიდა. მათი უმეტესობა პოლონეთის, ნაწილი კი საბერძნეთისა და საფრანგეთის სამხედრო სასწავლებლების მსმენელი გახდა. სამხედრო სასწავლებლების დასრულების შემდეგ ქართველმა იუნკრებმა სამხედრო სამსახური ამ ქვეყნების შეიარაღებულ ძალებში განაგრძეს. პოლონეთის ჯარში მყოფმა ქართველმა ოფიცრებმა პირნათლად მოიხადეს თავისი მხედრული ვალი და თავდადებულად იბრძოლეს 1939 წელს პოლონეთისათვის. მათი ნაწილი ამ ბრძოლისას გმირულად დაიღუპა.

თბილისი 1919
ქართველი იუნკრები · 1920
VIII

სამხედრო სამსახური

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ეროვნულმა საბჭომ 1918 წლის 20 აგვისტოს მიიღო კანონი „სამხედრო ბეგარისა და მუდმივი ჯარის შევსების დებულების“ შესახებ. კანონის მიხედვით სამხედრო სამსახური ეხებოდა პირს 20-დან 45 წლის ჩათვლით. ყოველი წლის 15 ნოემბერს სამხედრო სამსახურში უნდა გაწვეულიყვნენ ის ახალგაზრდები, რომელთაც მომავალი წლის პირველ იანვრამდე 20 წელი უსრულდებოდათ. სამხედრო სამსახურის საერთო ვადა 25 წლიანი იყო: აქტიურ სამხედრო სამსახურში ახალგაზრდა მხოლოდ 2 წელიწადს ატარებდა, რის შემდგომაც იგი 15 წლით თადარიგში და ბოლოს 8 წლით ლაშქარში (მეორე რიგის რეზერვში) გადაირიცხებოდა. მოლაშქრე და სათადარიგო ჯარისკაცები სამხედრო კონტროლს ექვემდებარებოდნენ და პერიოდულად წრთვნებს გადიოდნენ.

ვინც ჯარში სამსახურისთვის ვარგისი ვერ იქნებოდა, არმიაში ისეთი მოვალეობის შესასრულებლად გაიწვევდნენ, რაც მის ფიზიკურ მდგომარეობას შეესაბამებოდა. ჯარში გაწვევის გადადება რამდენიმე შემთხვევაში შეიძლებოდა: თუ კონტიგენტი შეივსებოდა; თუ გასაწვევი პირი საშუალო სკოლის მოსწავლე იყო და შესაბამის მოწმობას წარადგენდა; თუ პირი პასუხისგებაში მიცემული იყო ან მის მიმართ გამოძიება მიმდინარეობდა. მძიმე ფიზიკური სენით შეპყრობილებს ჯარიდან სამუდამოდ ათავისუფლებდნენ. უკიდურეს შემთხვევაში საკანონმდებლო დაწესებულებას შეეძლო 17-50 წლამდე (1919 წლიდან 55 წლამდე) მოქალაქეების ჯარში გაწვევა.

კანონის თანახმად, ისევე როგორც რუსულ საიმპერიო არმიაში, ჯარში გაწვევის ვალდებულება არ ჰქონდათ რესპუბლიკის მუსლიმ მოქალაქეებს, თუმცა მათ შეეძლოთ საკუთარი სურვილით სამსახური და რესპუბლიკაში არსებობდა კიდეც რამდენიმე მუსლიმური ქვედანაყოფი. 1919 წლის 20 მაისიდან ოჯახის ერთადერთი მარჩენალნი გათავისუფლდნენ მუდმივ და სათადარიგო ჯარში გაწვევისაგან და პირდაპირ მეორე რიგის რეზერვში — ლაშქარში — გადაიწერებოდნენ. ოჯახის ერთადერთ მარჩენალად ითვლებოდა ერთადერთი ვაჟი უნარმოკლებული მამისა ან ქვრივი დედისა, ერთადერთი მარჩენალი ძმა შრომის არშემძლე ობოლი ძმისა ან გაუთხოვარი დისა, ერთადერთი მარჩენალი შვილიშვილი შრომის უუნარო ბაბუისა და ბებიისა. იგივე პრინციპები ვრცელდებოდა უკანონო შვილზე, გერზე და შვილობილზე.

1919 წლის ნოემბერში სამხედრო სამინისტრომ შეიმუშავა ახალწვეულთა სამედიცინო შემოწმების სავალდებულო ინსტრუქცია. ინსტრუქციაში დეტალურად იყო განსაზღვრული ახალწვეულის შემოწმების წესები — როგორ უნდა გამოერკვიათ განგებ იგონებდა თუ აზვიადებდა ავადმყოფობას, როგორ უნდა შეემოწმებინათ მხედველობა, სმენა, სიმაღლე, წონა და გულმკერდის გარშემოწერილობა. ერთი წლის შემდეგ, 1920 წლის ოქტომბერში, დაზუსტდა იმ სნეულებებისა და ფიზიკური ნაკლოვანებების სია, რომლებიც წვევამდელს სამუდამოდ ათავისუფლებდა ჯარიდან.

ჯარიდან სამუდამოდ გასათავისუფლებელ სნეულებათა და ფიზიკურ ნაკლთა ჩამონათვალში შედიოდა: ჩიყვი, კეთრი, შაქარი, დამბლა, ნერვის ანთება, რევმატიზმი, ჭლექი, რეგვენობა ანუ ჭკუანაკლებობა, უსწორ-მასწორო გულმკერდი, სასქესო ასოს უქონლობა, 14 კბილის არქონა და სხვა. ხოლო არასამწყობრო ნაწილებში შეიძლებოდა გაეწვიათ ცალთვალა და ცალყურა ახალგაზრდა, ასევე მხედველობის მცირედი დაქვეითებისა და ცალ ყურში სმენა დაკარგულები, არასრული კურდღლის ტუჩის მქონენი, ბრტყელტერფიანნი და სხვები.

1919 წლის 4 ნოემბრის მთავრობის დადგენილებით სამხედრო-სავალდებულო სამსახურში საკუთარი სურვილით შესვლის უფლება მიეცათ იმ მოქალაქეებს, ვისაც სკოლა დამთავრებული ჰქონდათ და ჯერ არ შესრულებოდათ 20 წელი, თუმცა მინიმუმ 17 წლის უნდა ყოფილიყვნენ. იმავე დღის დადგენილებით სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან დროებით გათავისუფლდნენ აფხაზები, თუმცა მათ საკუთარი სურვილით შეეძლოთ სამხედრო სამსახურში ჩარიცხვა.

1920 წელს დროებით გაუქმდა ოჯახის ერთადერთი მარჩენალთა ჯარისგან განთავისუფლების დეკრეტი. 1920 წლის 25 ივნისიდან მფრინავების, ტელეგრაფისტების, რადიო-ტელეგრაფისტების, მექანიკების, მძღოლების, მემატორეების, მეხიდეებისა და დურგლების სამსახურის ვადა ორ წლამდე გაიზარდა.

ჯარში ჩარიცხული ახალგაზრდა დებდა სამხედრო ფიცს: „მე, მოქალაქე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა, აღვთქვამ საჯაროდ და რაზმის დროშის წინაშე, რომ შემოვედი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარში ვემსახურო სამშობლოს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას, როგორც ეს შეეფერება პატიოსან, ერთგულ და მედგარ რესპუბლიკის ჯარის კაცს; ყოველგვარ გაჭირვების და ნაკლულოვანების მიუხედავათ, მოვალე ვარ დავიცვა საყვარელი სამშობლო ჩემი — საქართველო უკანასკნელ სისხლის წვეთამდე, როგორც გარეშე, ისე შინაურ მტრებისგან. ამიტომ მოვალე ვარ ვიყო ერთგული, სამართლიანი, თავგანწირული და უცილობელი შემსრულებელი უფროსთა ბრძანებებისა, რომელნიც შეეხებიან რესპუბლიკის სარგებლიანობას და მთავრობის მოთხოვნილებათ. ზემოაღნიშნულ ფიცს დაურღვევლად და სავსებით შესრულებას სრულ მოქალაქეობრივ შეგნებით ვაწერ ხელს.“

სამხედრო სამსახურის კანონი · 1918
სახელმწიფომ ჩამოაყალიბა: სახალხო გვარდია, რეგულარული ჯარი, საზღვაო ძალები ბათუმში და სასაზღვრო სამსახური. საერთო ძალა 1920 წლისთვის 20 000-ს აღწევდა.
IX

საქართველოს ოკუპაცია

„ჩვენი იდეა - თავისუფლების იდეა არ დამარცხდება."

— ნოე ჟორდანია, 1921

დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო ვითარება რთული იყო. მის დაკარგვას რუსეთი ვერ ეგუებოდა და ყველანაირად ცდილობდა, საქართველო კვლავ თავის შემადგენლობაში დაებრუნებინა. დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა კი ყოველ ღონეს ხმარობდა, ბოლშევიკურ რუსეთთან ნორმალური დიპლომატიური ურთიერთობა დაემყარებინა. 1920 წლის 7 მაისს მოსკოვში ბოლშევიკურ რუსეთსა და დამოუკიდებელ საქართველოს შორის სამშვიდობო და სამოკავშირეო ხელშეკრულება გაფორმდა. ამ ხელშეკრულებით, რუსეთი საქართველოს დამოუკიდებლობას აღიარებდა და მის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის ვალდებულებას იღებდა. მაგრამ ამას რუსეთისათვის ხელი არ შეუშლია საქართველოს საზღვრები გადმოელახა და ქვეყანა დაეპყრო.

ქვეყნის დასაპყრობად მზადება კარგა ხანს მიმდინარეობდა, რასაც მოსკოვში უშუალოდ სტალინი ხელმძღვანელობდა, ამიერკავკასიაში კი ამ საქმის მეთაური და შემსრულებელი სერგო ორჯონიკიძე იყო. 1920 წელს ორჯონიკიძემ სასურველ მიზანს ვერ მიაღწია, იძულებული გახდა უკან დაეხია და საქართველოს გასაბჭოებაზე დროებით უარი ეთქვა.

1921 წლის იანვარში რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია საბოლოოდ გადაწყვიტა. საომარი ოპერაციები საქართველოსა და რუსეთს შორის 12 თებერვალს დაიწყო. 15 თებერვალს კი სერგო ორჯონიკიძეს სტალინმა აცნობა, რომ დაუყოვნებლივ დაეკავებინა თბილისი. „წითელი არმია საქართველოში უნდა შემოსულიყო ვითომ საკუთარი მთავრობის წინააღმდეგ აჯანყებული მუშების დასახმარებლად. აჯანყების ადგილად შეირჩა ლორეს ნეიტრალური ტერიტორია, რომელიც 1918 წლიდან სადავო იყო საქართველოსა და სომხეთს შორის.“

16 თებერვალს მე-11 წითელი არმიის 96-ე, მე-60 და მე-20 მსროლელთა ბრიგადის პოლკები სოფელ შულავერში შევიდნენ. შულავერის კომიტეტში სერგო ორჯონიკიძე, ფილიპე მახარაძე, მამია ორახელაშვილი, შალვა ელიავა, ბუდუ მდივანი და სხვა ქართველი ბოლშევიკები შედიოდნენ. 17 თებერვალს საქართველოს არმიას სათავეში გენერალი კვინიტაძე ჩაუდგა.

17 თებერვალსვე ბრძოლაში იუნკრები ჩაერთნენ. ისინი თბილისის მისადგომებს იცავდნენ. პირველი იერიშის მოგერიება იუნკრებს საბრძოლო პოზიციებზე ასვლისთანავე მოუწიათ. იუნკერთა პოზიციების გარღვევა მეთერთმეტე არმიამ ვერც ბაქოელი კურსანტებისა და ვერც პირველი ქართველი კომკავშირელის, ბორის ძნელაძის გარჯის შედეგად მოახერხა. ალექსანდრე ჩხეიძის მეთაურობით ქართველი იუნკრები 10 დღის განმავლობაში კოჯორ-ტაბახმელას მიდამოებში იგერიებდნენ ბოლშევიკთა შემოტევებს, რამდენიმეჯერ იერიშზეც გადავიდნენ, თბილისის კარიბჭემდე იოლად მოღწეულ მტერს მნიშვნელოვანი სიმაღლეები წაართვეს და რუსები აიძულეს უკან დაეხიათ.

1921 წლის 18 თებერვალს დაიწყო წითელი არმიის იერიში თბილისზე. თბილისის ასაღებად ჯერ კიდევ 11 თებერვალს დაძრულ რუსეთის მე-11 წითელ არმიას ქართული ჯარი, სახალხო გვარდია და მოხალისეები თბილისის მისადგომებთან გადაუდგნენ წინ. „დედაქალაქის მთელი მოსწავლე-ახალგაზრდობა, როგორც სტუდენტობა, ისე საშუალო სასწავლებლების უფროსი კლასების მოწაფეები ფრონტზე არიან და აღუწერელი გმირობით იბრძვიან. ჯერ არავის ახსოვს ასეთი პატრიოტული აღფრთოვანება და დაუზოგავი თავგანწირვა.“

მთავარსარდალმა გიორგი კვინიტაძემ ქართული შეიარაღებული ძალები თბილისის დასაცავად შემდეგნაირად განალაგა: მარჯვენა ფლანგზე — კოჯორ-მანგლისის გზატკეცილზე, თეთრი დუქნიდან აზეულას (ქორ-ოღლის) ციხემდე მე-4 ათასეული იდგა. ტაბახმელას მონაკვეთი სამხედრო სკოლას ეკავა. ცენტრში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ნაწილები იყო: შავნაბადას სიმაღლეები მე-9 ათასეულს ეკავა. მტკვრის მარჯვენა ნაპირზე რკინიგზის ხაზამდე გვარდიის გორისა და ხაშურის ბატალიონები იყო. მარცხენა ფლანგზე გვარდიის ნაწილები იდგა გენერალ არტემ ჯიჯიხიას მეთაურობით.

22 თებერვალს შემოტევა დაიწყო დარიალის მხრიდან, თუმცა ქართველმა მეომრებმა ხიდი ააფეთქეს და მოწინააღმდეგის პირველი იერიში მოიგერიეს. ამ მიმართულებით მოქმედ ქართულ ჯარს პოლკოვნიკი სიმონ წერეთელი ხელმძღვანელობდა.

23 თებერვალს რუსეთთან ომში დაცემული მეომრები თბილისში, რუსთაველზე, სამხედრო ტაძრის ეზოში, საძმო საფლავში დაკრძალეს.

საბედისწერო ბრძანება თბილისის დატოვებისა და მცხეთის მიმართულებით უკან დახევის შესახებ 24 თებერვალს ღამით გაიცა. 25 თებერვალს დედაქალაქში რუსეთის მე-11 წითელი არმიის ნაწილები შევიდნენ. დღევანდელ თავისუფლების მოედანზე, ამჟამინდელ საკრებულოს შენობასთან კომუნისტებით სავსე პირველი სამხედრო მანქანა დადგა. ბაქოდან სერგო ორჯონიკიძემ კი ლენინს დეპეშით აცნობა: „თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს, გაუმარჯოს საბჭოთა ხელისუფლებას.“

26 თებერვალს, საქართველოს გასაბჭოების მეორე დღეს, ქალაქის მოსახლეობამ რუსთაველის გამზირზე უზარმაზარი სამგლოვიარო პროცესია მოაწყო. წითელმა არმიამ კი 25 თებერვლიდან 17 მარტამდე საქართველოს დანარჩენი ტერიტორიებიც დაიკავა. საქართველოს მთავრობის წევრთა დიდი ნაწილი საზღვარგარეთ გაიხიზნა. ასე დაიწყო საქართველოს ოკუპაციის 70-წლიანი ისტორია.

X

ქალები ჯარში

ჩვენი საზოგადოებისათვის კარგად არის ცნობილი საქართველოს ეროვნული გმირის, 19 წლის მარო მაყაშვილის ისტორია. ის რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის დაწყებისთანავე ჩაეწერა მოწყალების დად და სანიტარულ რაზმთან ერთად კოჯორ-ტაბახმელას სიმაღლეებისაკენ გაემართა. ცნობილია მის მიერ მშობლებისადმი 18 და 19 თებერვალს გაგზავნილი ორი ოპტიმისტური ხასიათის წერილი, სადაც მარო აღფრთოვანებით წერს ქართულ ჯარზე, ამხნევებს მშობლებს და უეჭველ გამარჯვებას ჰპირდება. ასევე მათ სთხოვს ცოტა თხილს, ტკბილეულს და მისი უმცროსი ძმის ამბის გაგებას ცდილობს, რომელიც ასევე ფრონტზე იყო.

დაღუპვამდე ცოტა ხნით ადრე მარო ნახა დამფუძნებელი კრების წევრმა ქრისტინე (ჩიტო) შარაშიძემ. მარო ჩამუხლულიყო და დაჭრილ სტუდენტ ბეშკენაძეს ჭრილობას უხვევდა. „ქალბატონო ჩიტო, პოსტზე ვდგავარო“ — უთქვამს ჩიტოსთვის მაროს. მარო 19 თებერვალს დაიღუპა. მაროს დაღუპვის ამბავი ფრონტზე მყოფ სამხედრო ნაწილებში გავრცელდა. ჯარისკაცებს შორის იყო მაროს უმცროსი ძმა, სკოლის მოსწავლე შალვა მაყაშვილი. შალვამ მაშინ არ იცოდა, მაგრამ მერე მიხვდა, თუ ვის შესახებ ჩურჩულებდნენ ჯარისკაცები — „ჟანა დარკია, ჩვენი ჟანა დარკიაო.“

ქალები მხოლოდ რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომში არ მონაწილეობდნენ. 1919 წლის 23 აგვისტოს სომხეთ-საქართველოს 1918 წლის ომში გამოჩენილი დამსახურებისათვის წმინდა გიორგის მეოთხე ხარისხის ჯვარი გადაეცა 4 ქალს: აგრაფინა ჭიჭინაძეს, ვერა პაპავას, ნატალია ჩიჯავაძეს და ევგენია კანდელაკს. მოწყალების და ნინო ნემსაძე კი ქართული ლეგიონის ორდენით დაჯილდოვდა. მან ეს ჯილდო 1919 წელს საქართველოსა და ე.წ სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის, იგივე ყარსის რესპუბლიკას შორის ომის დროს მიიღო.

პირველი რესპუბლიკის ომებში მონაწილე ქალების ალბათ ყველაზე ემოციური ამბავი მედდა ელენეს ისტორიას უკავშირდება, რომლის ამბავიც ჯარისკაცმა შალვა ჭიჭინაძემ 1920 წელს აღწერა ჟურნალ „მხედარში“. სამწუხაროდ, ჯარისკაცი ჭიჭინაძე ელენეს გვარს არ წერს — ან საერთოდ არ იცოდა, ან ვერ გაიხსენა. ელენეს ისტორია 1918 წლის ზაფხულში გენერალ მაზნიაშვილის შავიზღვისპირეთის ლაშქრობის პერიოდსა და რუს ბოლშევიკებთან ბრძოლას უკავშირდება.

„უკანასკნელი მედგარი ბრძოლა სადგურ პშეხოვსკაისთან მოგვიხდა (არმავირ-ტუაფსეს ხაზზე), გაიმართა სასტიკი ბრძოლა, რომელიც დილიდან საღამომდე გასტანა. საღამოს ბრძანება მოგვივიდა: მტერი ნოვრასიიდგან ტუაფსეს მოსდგომოდა და ნახევარი ძალა უნდა მივშველებოდით იმ პატარა რაზმს, რომელიც აუარებელ მტრის ძალას აკავებდა. მტერმა გაიგო ჩვენი შემცირება და შემოტევა დაიწყო მარცხენა ფრთაზე, რამდენიმე კაცი დაგვიჭრეს და ელენე ამ დროს ტყვედ წაიყვანეს. დაჭრილებმა გადმოგვცეს: ელენე თურმე ეხვეწებოდა — იმდენი დრო მომეცით დაჭრილ ძმებს მივხედო, დახმარება აღმოვუჩინო და მერე თუ გინდა მომკალითო. ამ თხოვნამ უარესად გააგიჟა მუჟიკები და ელენე დიდი წამებით მოჰკლეს თურმე. „ასე პირნათლად მოიხადა ვალი მოწყალების დამ.“

დღევანდელ დღეს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ბევრი ქალი სამხედრო მსახურობს. ვფიქრობ, ეს ისტორიები მათთვის და საერთოდ მთელი საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ემოციის მატარებელი უნდა იყოს.

მარო მაყაშვილი
მარო მაყაშვილი · 1921

ინტელექტუალური ქვიზი

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა · 1918–1921
🏛️

გამოცადე შენი ცოდნა

10 კითხვა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიის შესახებ. თითოეულ სწორ პასუხს 10 ქულა ეძლევა.